ღირსი ბარლაამ ხუტელი (+1192) - 06 (19) ნოემბერი
ღირსი ბარლაამ ხუტელი (+1192) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა ბარლაამი XII საუკუნეში ცხოვრობდა, იგი შვილი გახლდათ ნოვგოროდელი დიდებულისა და თავისი ყრმობის წლები ამავე ქალაქში გაატარა.

რომ მოიზარდა, ნოვგოროდის მახლობელ ლისიჩის მონასტერში დასახლდა და იქვე აღიკვეცა მონაზვნად. შემდეგ კი ვოლხვოვოს ზემოთ მდებარე ხუტის ბორცვზე განმარტოვდა, რომელიც ნოვგოროდიდან 10 ვერსით არის დაცილებული.

ღირსი ბარლაამი უმკაცრეს დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, მოუკლებელ ლოცვას აღასრულებდა და მკაცრ მარხვას ინახავდა. ამასთან, მოშურნედ შრომობდა: ტყეში ხეებს ჭრიდა, შეშას ამზადებდა. მის გარშემო რამდენიმე ნოვგოროდელი შემოიკრიბა, რომელთაც სურდათ მისი მოღვაწეობის თანაზიარნი ყოფილიყვნენ.

ღირსი ბარლაამი მათ ასწავლიდა: "შვილებო, იფხიზლეთ, ყოველგვარი უსჯულოებისაგან თავი შორს დაიჭირეთ, ნუ შეგშურდებათ, ნუ ცილს სწამებთ, ნუ განრისხდებით, უსამართლოდ ნუ განსჯით, ტყუილად ნუ დაიფიცებთ, ხოლო რასაც პირობას დადებთ, აღასრულეთ.

ხორციელ ვნებებს ნუ მიეცემით. იყავით მუდამ მშვიდნი და მოსიყვარულენი ყველას მიმართ. ეს სათნოება დასაწყისია და ძირია ყოველგვარი სათნოებისა".

მალე აიგო უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძარი და მონასტერი დაარსდა. უფალმა მოყვასის დასახმარებლად, ღირს მამას სასწაულმოქმედებისა და დაფარულმცოდნეობის მადლი გამოუგზავნა.

იგი მკაცრი გახლდათ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ღირსმა ბარლაამმა თავის მონასტერს კანონი დაუდო, რომელმაც დღემდე მოაღწია.
გარდაცვალების წინ კიდევ ერთხელ დამოძღვრა ძმები და 1192 წლის 6 ნოემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ნოვგოროდელები მაშინვე პატივს მიაგებდნენ ნეტარ მამას. მრავალი სასწაული აღსრულებულა მის საფლავთან, მრავალი განმრთელებულა, მკვდარიც კი აღუდგენია. 1471 წელს, როცა თავადმა იოანე ვასილის ძემ ნოვგოროდი დალაშქრა, ხუტის მონასტრის წინამძღვრისთვის უბრძანებია, ღირსი ბარლაამის საფლავის ფილა გადაეწიათ. ამ დროს მიწიდან ცეცხლი ამოვარდნილა და ეკლესიის კედლები მოუწვია, შეშინებული თავადი კი ისე გამოვარდნილა გარეთ, კვერთხი შიგნით დარჩენია.

წმინდა ბარლაამ ხუტელს განსაკუთრებით ბუნებრივი კატაკლიზმების ჟამს ევედრებიან, რამეთუ თვლიან, რომ განსაკუთრებული ხელმწიფება აქვს ბუნების მოვლენებზე.

ხუტის მონასტერში ლიტანიობაც კი იმართებოდა იმ სასწაულის გამო, რომელიც 1505 წელს მომხდარა: - წმინდა ბარლაამი გამოეცხადა ხუტელ მნათეს და ამცნო, რომ ადიდებული ილმენის ტბიდან ქალაქს დატბორვა ელოდა, მაგრამ წმინდა ბარლაამი შეევედრა ღვთისმშობელს და უფლის დედამ წყალდიდობის სანაცვლოდ, სასჯელად ჭირი მოუვლინა ქალაქს, რომლითაც მხოლოდ ცოდვილნი დაიხოცნენ, მართალნი კი - იქაურობას უფლის ანგელოზმა განარიდა.

ღირსი მამის წმინდა სხეული დღემდე ხუტის მონასტერში განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1