ღირსი მამა დავით ევბეელი (+1519-1600) - 01 (14) ნოემბერი
ღირსი მამა დავით ევბეელი (+1519-1600) - 01 (14) ნოემბერი
ეს საკვირველი მოღვაწე XVI საუკუნის დასაწყისში, სოფელ გარდინიცში (კუნძულ ევბეის მოპირდაპირე ნაპირას) იშვა.

მამამისი ზნემაღალი და კეთილმოღვაწე მღვდელი გახლდათ. როდესაც ბიჭუნას სამი წელი შეუსრულდა, სიზმრად წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და მისივე სახელობის მახლობელ ტაძარში წარიყვანა, სადაც ამ უდიდესი წმინდანის ხატის წინ, ფეხშიშველი 6 დღის განმავლობაში იდგა სულიერად ზეცად აღტაცებული.

ამგვარად იზრდებოდა მშობელთა მორჩილებაში, ღვაწლსა და განუწყვეტელ ლოცვაში, 15 წლისამ კი სულიერი წინამძღოლის საძიებლად მშობლიური სახლი დაუტევა და გარკვეული ხნის შემდგომ, ღვთის შეწევნით, პოვა კიდეც მღვდელ-მონაზონი აკაკი.

სწორედ მის მონასტერში აღიკვეცა დავითი, სადაც ნება თვისი სრულიად მიანდო უფალს და თავის მოძღვარს, თუმცა, გარკვეული ხნის შემდგომ, რამდენადაც აკაკი სამოღვაწეოდ შესაფერის ადგილს ეძიებდა, მასთან ერთად ჯერ ოლიმპოს მთის სიახლოვეს მდებარე ოსაში გადავიდა, სადაც დიაკვნად იკურთხა, შემდეგ კი - ათონს.

აკაკიმ ახალგაზრდა მონაზონი დიდ ლავრაში დატოვა, თავად კი კონსტანტინოპოლს წარვიდა, სადაც პატრიარქმა იერემიამ არტის და ნავპაქტის მღვდელმთავრად დაასხა ხელი.

გარკვეული ხნის შემდგომ აკაკიმ დავითს თავისთან უხმო, რომელსაც ჯერ მღვდლად დაასხა ხელი, შემდეგ კი - ნავპაქტის სიახლოვეს მდებარე ღვთისმშობლის ბარნაკოვის სავანის იღუმენად.

თუმცა, იქაურ მონაზონთა ცხოვრების წესმა და ურჩობამ სავანე დაატოვებინა და სამოღვაწეოდ შესაფერისი ადგილის საძიებლად გაეშურა.
მალე პარნასის სიახლოვეს, სტეირის მთაზე განმარტოვდა და ბოროტთან უხორცო, უსასტიკეს ბრძოლას მიეცა.

ხანი გამოხდა და ეშმაკმა მასზე ახალი ხერხით იძია შური - თურქებმა გაქცეული ყმის შეფარება დააბრალეს, შეიპყრეს და დიდხანს ტანჯეს.

საპყრობილეს ოდენ იმ მხარის მორწმუნეთა მიერ შეგროვილი გამოსასყიდის წყალობით დაეხსნა და თავი ქსიროსის მთის ახლოს, კუნძულ ევრიპოსს - ევბეას შეაფარა, სადაც უფლის ფერისცვალების სახელზე ტაძარი ააგო, მოკლე ხანში კი რამდენიმე მოწაფე შემოიკრიბა.

ნეტარი მამა ყველას, ვინაც კი მიეახლებოდა, უსაზღვრო სიყვარულს მიაგებდა, ხოლო თუ უპოვართ იხილავდა, მათი სიბრალულით გული იმგვარად ემუსრებოდა, ატირდებოდა ხოლმე.

რაც კი სავანისთვის შეეძინა, უღირსსა თუ ღირსეულზე, ქრისტიანსა თუ უსჯულოზე უანგარიშოდ გასცემდა.

ამგვარად იღვაწა მრავალი წლის მანძილზე და იქაურობა ქველი საქმეებით და მრავალრიცხოვანი სასწაულებით განანათლა.

ხოლო ოდეს ზეგარდამო თვისი ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ეუწყა, მოწაფეებს უხმო, უკანასკნელად დამოძღვრა, აუწყა, რომ თვით ქრისტე გამოეცხადა და 1589 ან 1601 წელს მშვიდობით განისვენა.

მის წმინდა ნაწილთაგან უამრავი სასწაული აღსრულდა.

.............

ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: კესარიონისა, დასიოსისა და 5-თა მათ თანა: საბასი, საბინიანესი, აღრიპასი, ადრიანესი და თომა ჩვილისა, რომელნი დამასკოს აღესრულნენ (VII)

* * *
ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ხსენება მღვდელმოწამეთა: ალექსანდრე სმირნოვისა და თეოდორე რემეზოვისა, პრესვიტერთა (+1918), მღვდელ- მოწამეთა: ალექსანდრე შალაიასი და დიმიტრი ოვეჩკინისა პრესვიტერთა, მოწამისა ელისაბედ სამოვსკაიასი (+1937), მოწამისა პეტრე იგნატოვისა (+1941)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოციქულისა ნირეასი და დათა მისთა, რომელთაც წმინდა მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს (I)

..................
ხსენება წმინდისა მოწამისა ელენესი, სინოპელისა (XVIII) 


ბეჭდვა
1კ1