წმინდა მართალი ყრმა არტემი, ვერკოლელი (+1545) - ხსენება 23 ივნისს (6 ივლისი) და 20 ოქტომბერს (2 ნოემბერი)
წმინდა მართალი ყრმა არტემი, ვერკოლელი (+1545) - ხსენება 23 ივნისს (6 ივლისი) და 20 ოქტომბერს (2 ნოემბერი)
წმინდა მართალი ყრმა არტემი რუსეთში დაიბადა 1532 წელს, დვინის მხარეში, სოფელ ვერკოლში, მდინარე პინეგის ნაპირზე. მდინარე პინეგი ჩრდილოეთ დვინის შენაკადია და მიედინება ვოლოგდისა და არხანგელსკის ოლქებში. მისი მშობლები - კოზმა და აპოლინარია ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. პატარა არტემი გაურბოდა ბავშვურ თამაშობებს, იყო ჩუმი, თავმდაბალი, ღვთისმოშიში, მორჩილებდა და როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მშობლებს საქმიანობაში. ერთხელ, 12 წლის არტემი მამასთან ერთად მინდორში მუშაობდა. ანაზდად მოიღრუბლა, ჩამობნელდა, ამოიჭრა საშინელი გრიგალი, წამოვიდა წვიმაც. უეცრად იელვა და მეხმა პატარა არტემი მოკლა. ასე ინება ღმერთმა მართალი სულის ზეცად აყვანა. მაგრამ თანასოფლელებმა - ეტყობა, რაიმე დაფარული ცოდვა ჰქონდა და ღვთის რისხვა მოეწიაო და ბიჭს არც წესი აუგეს და არც დაკრძალვა აღირსეს. ტყეში, მიუვალ ადგილას, ნაძვების ძირში დადეს მისი სხეული, ფოთლები, ფიჩხი და არყის ხის ქერქი მიაყარეს, გარშემო კი ხის ტოტებით შემოზღუდეს. ასე იყო ყველასგან მივიწყებული ოცდათორმეტ წელიწადს.

ერთ ზაფხულს ვერკოლის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დიაკვანი აღათონიკე ტყეში სოკოს კრეფდა. უეცრად წმინდა ყრმის განსასვენებლის თავზე ნათელი დაინახა. მივიდა. ყრმა განუხრწნელი ესვენა. დიაკვანმა შეატყობინა ვერკოლელ ქრისტიანებს, მათაც წმინდა ყრმის სხეული ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს და კუბოზე ისევ ის ქერქი მიაყარეს, რომლითაც ტყეში იყო დაფარული.

მაგრამ ღმერთმა ინება თავისი სათნომყოფლის განდიდება. იმავე წელს მთელ დვინის მხარეს ციებ-ცხელება მოედო. მრავალი იხოცებოდა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები. ვერკოლელი კალენიკეს ვაჟი ავად გახდა. დამწუხრებული მამა ტაძარში დაემხო წმინდა არტემის კუბოს წინ, აიღო ქერქი, რომელიც წმინდანის სხეულზე იდო და რწმენით მიაბა მომაკვდავი შვილის გულსაკიდ ჯვარზე. ავადმყოფი მაშინვე განიკურნა. წმინდა არტემის კუბოსთან მიახლებით განიკურნა ერთი დედაკაციც, რომელსაც ორმოცი წელი კუჭის ტკივილი ტანჯავდა.

როცა წმინდანის სხეულიდან აღსრულებული სასწაულები გამრავლდა, ვერკოლელმა მოძღვრებმა მხატვარს წმინდანის ძველი კუბოს ფიცრებზე არტემის ხატი დაახატვინეს. ფიცრების ჩამონათალი იქაურმა მღვდელმა შეაგროვა და მორწმუნეებს დაურიგა. მრავალი ამ ბურბუშელამაც კი განკურნა.

1619 წელს ნოვგოროდის მიტროპოლიტმა მაკარიმ აღიარა ნეტარი არტემის წმინდანობა. ბრძანა, რომ აღეწერათ წმინდა ყრმის ცხოვრება და სასწაულებრივი კურნებები. წმინდა არტემი ტაძარში გადაასვენეს. მცირე ხანში ვერკოლში ხოლმოგორელი ილარიონ არტემეევი მოვიდა. ადრე თურმე ორივე თვალი დავსებოდა. გაახსენდა ყრმა არტემი, დიდი რწმენით შეევედრა წმინდანს და კურნება შესთხოვა. იმავე წამს მიიღო, წინ კი მართალი არტემი წარმოუდგა, სპეტაკი სამოსით მოსილი, მარჯვენა ხელში ჯვარი ეპყრა, მარცხენაში კი რტო. წმინდა არტემმა ჯვარი გადასახა ილარიონს და დაბალი ხმით უთხრა: "კაცო, რატომ მწუხარებ? განგკურნავს ქრისტე ჩემ მიერ. წადი ვერკოლში, ემთხვიე ჩემს კუბოს და მოუყევი ყველაფერი იქაურ მღვდელს და ვერკოლელებს". შემდეგ ხელი მოჰკიდა ილარიონს, უბიძგა, რომ სწრაფად წასულიყო ვერკოლში და უჩინო შეიქნა.

1648 წელს ვერკოლში მოვიდა მეფე ალექსანდრე მიხაილის ძის ბრძანება - იმ ადგილას, სადაც წმინდანის უხრწნელი სხეული მოიპოვეს, მონასტერი აეშენებინათ. იქ გადაასვენეს წმინდა არტემი.

@17742@
ბეჭდვა
1კ1