ღირსი ექვთიმე ახალი (+889) - 15 (28) ოქტომბერი
ღირსი ექვთიმე ახალი (+889) - 15 (28) ოქტომბერი
ღირსი ექვთიმე, ერისკაცობაში ნიკიტა, დაიბადა 824 წელს, ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ სომხის მეფობის დროს, გალატიაში, ანკირთან ახლოს, სოფელ ოპსოში. მისი მშობლები - ეპიფანე და ანა მდიდრები და ძალზე ღვთისმოშიშნი იყვნენ. ნიკიტა შვიდი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ღვთისმოშიშმა დედამ შვილი მართალი სარწმუნოებით აღზარდა და წმინდა ხატების თაყვანისცემა შეაყვარა. როცა მოწიფულ ასაკს მიაღწია, ნიკიტა ერთხანს სამხედრო სამსახურში იყო, თუმცა ყრმობიდანვე სურდა მონაზონი გამხდარიყო და ვიწრო გზას შედგომოდა, რომელიც ცათა სასუფეველში მიიყვანდა, ის დათანხმდა დაქორწინებულიყო ლამაზ, მდიდარ და ღვთისმოშიშ ქალწულ ევფროსინიაზე. ცოლ-ქმარს ქალიშვილი შეეძინათ.

14 სექტემბერი, ჯვართამაღლების დღესასწაულის ბოლო დღე იყო, რომელიც ახლობლებთან გაატარა, მეორე დღეს თავისი მფარველის, წმინდა ნიკიტას ხსენების დღეს დატოვა ოჯახი, მოიმიზეზა - ცხენი გამექცა და უნდა ვიპოვოო. უდაბნოში შევიდა, გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე და ეძიებდა სულისთვის ნავსაყუდელს, ასე მიაღწია ბითინიაში ოლიმპოს მთას. ეს ადგილი მაშინ მონასტრული ცენტრი გახლდათ, ბიზანტიის იმპერიაში. რამდენიმე დიდი მონასტრის გარშემო ათასობით მონაზონი ცხოვრობდა, ზოგი მარტო იყო დაყუდებული, ზოგიც მოძღვართან ერთად, ანდა ნახევრად განდეგილურ საძმოებად ცხოვრობდნენ. ოლიმპოს მთაზე მოღვაწეობდა წმინდა იოანიკე დიდი, ღირსი პეტრე ატროელი და ღირსი თეოფანე აღმსარებელი.

ნიკიტას ძალიან უნდოდა, კურთხევა აეღო ღირსი იოანიკე დიდისგან, წმინდა სასწაულმოქმედი და მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებელი მამისაგან და თუ მოახერხებდა, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს შეერთებოდა. იოანიკემ რომ დაინახა ჭაბუკი და მასში სათნოებებისადმი დიდი სიყვარული, ნიკიტას გამოსაცდელად თავის მოწაფეებს უთხრა: "როგორ გაკადნიერებულა ეს ახალგაზრდა ჩვენთან რომ მოსულა, ეს ხომ ავაზაკია და კაცის მკვლელი, შეიპყარით და შეკარით!" ნიკიტამ თავი დახარა, და თავის დაცვა არ უცდია, იმდენად გახარებული იყო წმინდანთან მიახლოებით.

- თავი დაანებეთ, - შეაჩერა ბერები წმინდა იოაკიმემ, - მე მას გამოსაცდელად დავაბრალე კაცის მკვლელობა. თუ მან, ახალგაზრდა ერისკაცმა, რომელმაც ჩვენი ცხოვრების წესი ჯერ გამოუცდია და მორჩილების გამო მზად არის ის დანაშაული დაიბრალოს, რაც არ ჩაუდენია, როგორი იქნება მონაზვნობაში!

მდაბალმა ნიკიტამ ეს რომ მოისმინა, მიხვდა, რომ თუ იოანიკესთან დარჩებოდა, ვერ გაექცეოდა იმ დიდებას, რასაც სიყრმიდანვე გაურბოდა. ამიტომაც გადაწყვიტა მამა იოანეს დამოწაფებოდა, რომელიც იოანიკესგან შორს ცხოვრობდა. ღირსმა იოანემ დიდი სიხარულით მიიღო ჭაბუკი და მას მონაზვნური ცხოვრების გაკვეთილები ჩაუტარა. მერე კი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. შემდეგ მოძღვარმა მოწაფე უახლოეს კინოვიურ მონასტერში გააგზავნა, რათა იქ საკუთარი ნების მოკვეთით მონაზვნური ცხოვრების საფუძვლები უკეთ შეესწავლა. ექვთიმე დიდი გულმოდგინებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

ძმებს შორის ყველაზე უკანასკნელად თვლიდა თავს და ცდილობდა, არა მხოლოდ იღუმენს დამორჩილებოდა, არამედ ყველა დანარჩენ მონაზონსაც და ისე ფიქრობდა, თითქოს მათ მიერ ღმერთი ესაუბრებოდა.

858 წელს ექვთიმეს მონასტერში მონაზვნები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ღირსმა ექვთიმემ არჩია, ამ მღელვარებას გაქცეოდა, რათა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. თავის ერთ თანამოსაგრე თეოსტირიქტესთან ერთად ათონის მთას მიაშურა, სადაც იმ დროს მხოლოდ განდეგილები ცხოვრობდნენ და უმკაცრესად მოღვაწეობდნენ. მაგრამ მანამდე ერთხანობა დაჰყო ოლიმპოზე ცნობილ მოსაგრე თეოდორესთან. მოძღვარმა ექვთიმეს უმაღლესი ასკეტური ცხოვრებისკენ მოუწოდა და დიდი სქემით შემოსა.

ოლიმპოს მთაზე წმინდა ექვთიმემ თხუთმეტი წელი გაატარა და შემდეგ ათონზე გაემგზავრა. იქ ის დაემოწაფა ღირს მამა იოსებ სომეხს, დიდად მოღვაწე ადამიანს, რომლის სხეულმაც გარდაცვალების შემდეგ მირონი წამოადინა. ისინი ერთმანეთს აღაფრთოვანებდნენ სათნოებათა ქმნაში. გადაწყვიტეს, სამი წელი მღვიმიდან არ გამოსულიყვნენ და იმით ესაზრდოათ, რასაც ღმერთი გამოუგზავნიდათ. ამ ზეკაცობრივი გამოცდიდან მადლით გაბრწყინებული ექვთიმე გამარჯვებული გამოვიდა.

შემდეგ ოლიმპოზე დაბრუნდა მამა თეოდორეს სანახავად. როცა ექვთიმემ მოძღვარს მოუყვა ათონის მთის ასკეტური პირობების შესახებ, თეოდორემ გადაწყვიტა, მასთან ერთად წასულიყო ათონზე და იქ ეღვაწა. თუმცა ხანდაზმული ასაკისა და ასკეტური ცხოვრებისგან გამოწვეული უძლურებების გამო ვერ შეძლო ათონზე მოსაგრეობა. ექვთიმემ ის თესალონიკის გარეუბანში დატოვა და თვითონ კი ათონზე დაბრუნდა მყუდროების გოლეულის სახმევად.
მცირე ხნის შემდეგ მამა თეოდორეს გარდაცვალება შეიტყო და თესალონიკში გაემგზავრა მისი საფლავის თაყვანისსაცემად. სწორედ მაშინ, 867 წელს, მას დიაკვნად ხელი დაასხეს, შესაძლოა, მალევე ხუცესადაც აკურთხეს. თუმცა ექვთიმე სამღვდლო ხარისხის მიღებას არ ესწრაფოდა, მაგრამ მაინც დათანხმდა, რათა ათონელ მოსაგრეებს ხშირად შეძლებოდათ წმინდა საიდუმლოს მიღება.

მაგრამ ათონზე დაბრუნებულმა ვერ პოვა სასურველი სიმშვიდე, რადგან მისი მღვდლობის შესახებ განდეგილებმა შეიტყვეს და მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა. გადაწყვიტა, ორ მეგობართან - იოანესა და სვიმონთან ერთად წმინდა ევსტრატის კუნძულზე წასულიყო. გზად ისინი არაბმა მეკობრეებმა შეიპყრეს. ტყვეობას თავი დააღწიეს და ათონზე დაბრუნდნენ, მაგრამ მეკობრეთა ხშირმა თავდასხმებმა ისინი აიძულა, გაყოფილიყვნენ და უფრო უსაფრთხო ადგილი ეპოვათ.

ექვთიმე, იოსებ სომეხი და ზოგიერთი მისი მოწაფე ქალკიდაში, სოფელ ვრასტის სიახლოვეს დასახლდნენ და იქ ცალ-ცალკე კელიაში ცხოვრობდნენ. ექვთიმე დროდადრო სვეტზე მოღვაწეობდა, ხოლმე, რომელიც თესალონიკში პირველად ყოფნისას აირჩია. განსაკუთრებით უყვარდა მთაწმინდაზე განმარტოება და ღმერთთან მარტო საუბარი.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი განმარტოებისას ის გამოცხადების ღირსი შეიქნა, რომლითაც ეუწყა, რომ თესალონიკის სიახლოვეს, პერისტერის მთაზე მიტოვებული მონასტერი აღედგინა. დაახლოებით 871 წელს ღირსი ექვთიმე ორ მოწაფესთან - ეგნატესა და ეფრემთან ერთად ამ ნანგრევებში დასახლდა. მიუხედავად სიძნელეებისა, მათ შეძლეს წმინდა ანდრიას სახელობის მონასტრის აშენება.

მალე (883 წ.) თესალონიკიდან და გარეუბნებიდან უამრავმა ხალხმა იწყო მოსვლა, რომელთაც მასთან დამოწაფება სურდა, მათ შორის იყვნენ მისი საკუთარი ოჯახის წევრები, რომელთაც ასევე მონაზვნობა სურდათ. მალე მან მამათა მონასტრის ხელმძღვანელობა თავის შვილიშვილ მეთოდეს ჩააბარა, ხოლო დედათა სავანე კი შვილიშვილს - ეფემიას. ამგვარად, მონასტრებზე საზრუნავისგან თავდაღწეული წმინდანი ერთხანს თესალონიკში, სვეტზე მოსაგრეობდა, შემდეგ კი მთაწმინდის აღმოსავლეთ ფერდზე განმარტოვდა.

ამასობაში მისი უამრავი მოწაფე მოვიდა ათონზე დამრიგებლის გვერდით სამოღვაწეოდ. წმინდა ექვთიმემ იცოდა თავისი აღსასრულის მოახლოება, ძმები სატრაპეზოდ შეკრიბა წმინდა ექვთიმე დიდის წმინდა ნაწილთა გადასვენების დღესასწაულის აღსანიშნავად. ისინი უკანასკნელად დაარიგა, აკურთხა და უბრძანა, უდაბურ კუნძულ პერაზე წაეყვანათ, სადაც ერთ თანამოსაგრესთან ერთად დარჩა. 889 წლის 13 ოქტომბერს ავად გახდა და ორი დღის მერე გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1