ნეტარი იოანე სალოსი, მოსკოველი (+1589) - 03 (16) ივლისი
ნეტარი იოანე სალოსი, მოსკოველი (+1589) - 03 (16) ივლისი
ნეტარი იოანე ვოლოგდაში XVI საუკუნეში იშვა, სიჭაბუკეში მეთულუხჩედ უსასყიდლოდ მსახურობდა და გამუდმებით მლოცველი და მკაცრად მმარხველი ამ ძალზე შრომატევად საქმეს ხორცის დასათრგუნად შესდგომოდა.

გარკვეული ხნის შემდეგ როსტოვს მიაშურა და სალოსის უმძიმესი ღვაწლი იტვირთა, - ნახევრად შიშველი იარებოდა ქალაქის ქუჩებში, სხეულზე მძიმე ჯაჭვს ატარებდა, მკერდით კი - მძიმე ჯვარს, თავზე - რკინის მძიმე მუზარადს.

იმ დროის უდიდეს მოსაგრეებთან მეგობრობდა, - ირინარქე როსტოველთან (ხსენება 13 იანვარს) და პარაპონტე მონზენელთან (ხსენება 12 დეკემბერს).

იოანემ როსტოვი დატოვა და მოსკოვს მიაშურა, სადაც ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში ცხოვრობდა და იქაურებს სინანულისკენ მოუწოდებდა.

ერთხელ კალუგაში ჩავიდა და ქალაქი ამ შეძახილით გაიარა:

- რკინის კარი! რკინის კარი!

იქაურებმა ჩათვალეს, რომ ეს მოსალოდნელი უბედურების წინასწარმეტყველება იყო, ამიტომ პურის ბეღელს რკინის კარი შეაბეს და საგულდაგულოდ ჩარაზეს.

მომდევნო დღეს ქალაქში საშინელი ხანძარი გაჩნდა და მისი დიდი ნაწილი გადაბუგა, მაგრამ ნეტარის წინასწარმეტყველების წყალობით მრავალი გადაურჩა სიკვდილს, პურის მარაგი კი - გადარჩა.

მოსკოვს გაბრუნებულმა იოანემ, ღვთისგან კურნების მადლით ცხებულმა, მრავალი სნეული განკურნა.

როგორც კი ღვთისგან მოსალოდნელი აღსასრული ეუწყა, 1589 წლის 3 ივლისს ქალაქის აბანოს მიადგა, მძიმე ჯაჭვები აიყარა, ტანზე სიჭაბუკეშივე რომ აესხა და სამგზის შთაეფლა ცივ წყალში.

შემდეგ ჯაჭვები თავქვეშ ამოიდო და იქ მყოფთ მისი ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის (ამჟამად ნეტარი ვასილის სახელობის) ტაძარში მიყვანა უბრძანა, სადაც მამა ვასილმა, მისი თხოვნისამებრ, სამარე ნეტარი ვასილის გვერდით განუმზადა.

როგორც კი ყოველივე აღასრულა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

1672 წლის 12 ივნისს ნეტარი იოანეს წმინდა სხეული უხრწნელი პოვეს.

ბეჭდვა
1კ1